6 décembre 2019
“პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში ქართველი ვირტუოზების გალაკონცერტი გაიმართა”
“პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში, შანზ-ელიზეზე საერთაშორისო ფონდ „SOS Talents“-ის საშობაო გალაკონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილოება სხვადასხვა ქვეყნიდან ფონდის რვა სტიპენდიანტმა მიიღო.
გალაკონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივითა და ხელშეწყობით, ოთხი ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მონაწილეობდა: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე ახალგაზრდა ტალანტია.
საღამო ტრადიცულად მარსელ დასოს ოჯახის და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის მხარდაჭერით გაიმართა. წელს კი კონცერტი მიეძღვნა ნიკოლ დესუს ხსოვნას. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარსდგნენ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდა და უკვე სახელგანთქმული ვირტუოზი პიანსიტები, რომლებიც ფონდ „SOS Talents“ -ის ლაურეატები არიან.
ყოველ წელს შანზ-ელიზეს მე-19 საუკუნის სასახლე და მისი მფლობელი მეცენატების ოჯახი ექსკლუზიურად ფონდის ტალანტების გალაკონცერტს მასპინძლობს.
ფონდი „SOS Talents“ 2000 წელს საერთაშორისო ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა, მიშელ სონიმ დაარსა. ფონდის ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა.
საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტის და იუნესკოს პირველი ქართველი არტისტის, ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება.
ბევრმა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სწორედ ამ ფონდის დახმარებით გაიკვალა გზა საერთაშორისო სცენისკენ.”