1 octobre 2019
“პიანისტი ფილმსა და ცხოვრებაში “
“ცხოვრებაში მნიშვნელოვანია მცირე შესვენება, რათა დაფიქრდე, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთე. როგორც ფრანგი პიანისტი ლიდი სოლომონი ამბობს, სიჩუმე ყველა კითხვის გასაღებია. შესაბამისად, საკუთარი ნებითა და გულით არჩეული პროფესია მედიტაციად შეიძლება იქცეს.”
“როგორია შთაბეჭდილებები ჩატარებული კონცერტის შემდეგ?
გუშინ ძალიან განცვიფრებული ვიყავი იმ ცოცხალი და სასიამოვნო ატმოსფეროთი, რომელიც დარბაზში დამხვდა. სხვადასხვა ქვეყანაში პუბლიკა ყოველთვის განსხვავებულია – კუბა იქნება, მექსიკა თუ ჰოლანდია. ყველას სხვადასხვა კულტურა და ფესვები აქვს. მიხარია, როცა ვხედავ ხალხის ემოციებსა და რეაქციას. შესრულებისას, ვგზავნი ენერგიას და ის ყოველთვის მიბრუნდება. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. ელისო ბოლქვაძე ძალიან გულთბილად დამხვდა, მამხნევებდა და პოზიტიურ გარემოს მიქმნიდა.
რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
სამწუხაროდ, დიდი ხნით ვერ ვრჩები, მალე მიწევს გამგზავრება, მაგრამ ამ მოკლე დროშიც, რაც შევამჩნიე, არის ის დადებითი და თბილი ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს. საქართველოს ჩემს მეორე ფესვებს – კორეას ვადარებ, რომელმაც, ამ ქვეყნის მსგავსად, ბევრი რამ გაიარა. არც კორეაა დიდი. ალბათ, ასეთი გარემო აყალიბებს ადამიანებს, მათ ოცნებებსა და შრომისუნარიანობას, გადარჩენის ინსტინქტს. კლასიკური მუსიკა მსოფლიო ენაა, რომელსაც არ გააჩნია ბარიერები. ფორტეპიანო მეხმარება, რათა ჩემი გზავნილი მსმენელამდე მივიდეს.
ვფიქრობ, კლასიკური მუსიკა ბუნებიდან გამომდინარეობს. რასაკვირველია, მასთან ყველას ვერ ექნება მჭიდრო კავშირი. ბუნებიდან მოდის ინსპირაციაც. ჩვენი სამყარო სწრაფად ვითარდება. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვან და ცარიელ სივრცეს ქმნის სამყაროს მიზნებსა და კლასიკურ მუსიკას შორის. ამიტომ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ჩვენი ინსპირაციის წყარო. კლასიკური მუსიკა წარსულის გამოძახილი და გენიოსების შემოქმედებაა.
მეთოდები, რომლითაც ხელმძღვანელობთ…
ეს მაესტრო მიშელ სონის მეთოდია. მან იპოვა „ჯადოსნური გასაღები“, რომელიც სამყაროს კლასიკურ მუსიკასთან აკავშირებს. მისი რევოლუციური მეთოდი დღევანდელ სამყაროსთან მუდმივ ინტერაქციაშია. ვფიქრობ, მაესტრო სონის მეთოდოლოგიამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დააბრუნა კლასიკური მუსიკის სამეფოში. ის, რასაც აკეთებს, საოცრებაა. ის ჩემი პედაგოგი და აღმზრდელია.
სიმართლეა, რომ კლასიკური მუსიკა დღეს საფრთხის წინაშეა, მე კი, როგორც არტისტი, ვფიქრობ ჩემი მისია მაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ბევრ ადამიანს შეუძლია ინტერნეტის საშუალებით მუსიკის დაკვრა, მაგრამ არ მგონია მათ იცოდნენ, რეალურად რა ინსტრუმენტია ფორტეპიანო. ვინც ციფრულ ინსტრუმენტს გაიცნობს, ის მალევე წყვეტს ამ კავშირს. საჭიროა ფიზიკური სიახლოვე რეალურ საკრავთან, რათა გაიგო, რა არის ინსტრუმენტი, რა არის მუსიკა. ციფრულ სამყაროში კი დავკარგეთ კავშირი.
როგორ შევაყვაროთ ბავშვებს მუსიკაში მეცადინეობა?
ბავშვები, რომლებსაც უნდა შევაყვაროთ მუსიკა, აუცილებლად უნდა იცნობდნენ კომპოზიტორებს, იმეგობრონ მათთან და უყვარდეთ. ჩემთვის გამორჩეულია ბეთჰოვენი, ვიღაცისთვის შოპენი ან ლისტი. ეს არ არის მხოლოდ შოპენის ნაწარმოების დაკვრა. უნდა გრძნობდე, სად და როგორ ცხოვრობდა, რა გაიარა, ვინ იყო მისი მამა ან შეყვარებული; რა ეცვა, რა მოსწონდა. ჩვენ კავშირი უნდა გავაბათ დღევანდელ თაობასა და მათ შორის. სამყარო იცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია უყვარდეთ კომპოზიტორები და იგრძნონ მათი ცხოვრება. მუსიკის შექმნის პროცესის ცოდნა და გრძნობა მნიშვნელოვანია. ასევე – უყვარდეთ ყოველი ნოტი, რომელსაც შექმნიან ან დაუკრავენ.
მე ერთი პატარა საიდუმლო მაქვს, რომელსაც მხოლოდ თქვენ გაგიმხელთ: როცა რაღაცას ვუკრავ, ნოტებს ვიწერ, რაც მახსოვს ზეპირად. ეს ძალიან რთულია, თუმცა შენ წერ საკუთარ ხედვას და მერე ერთმანეთს ადარებ. წერის ამგვარი პროცესი მხოლოდ ერთხელ ხდება. როცა კომპოზიტორი ქმნის ნოტებს. თუ ამას აკეთებ, კომპოზიტორს გრძნობ. შენ წარმოიდგენ ხელების მოძრაობას. ეს ყველაფერი ახალ შესაძლებლობებს მიქმნის და ჩემი ხერხია. ყველამ უნდა იპოვოს თავისი. ყველას თავისი განტვირთვის ხერხი აქვს და შესაბამისად, ეს უნდა იყოს არა მუშაობა, არამედ მედიტაცია. შენ უნდა იპოვო საკუთარი, უნიკალური მეთოდი.
რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი არჩევანი თქვენს ცხოვრებაში?
ორი წლიდან ფორტეპიანოზე ვუკრავ, ხოლო 18 წლიდან, შეიძლება ითქვას, შემდგარი პიანისტი ვარ. ჩემს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ყოველთვის სურდათ ბევრი მემეცადინა. ვიოლინოზეც ვუკრავდი და ნოველებსაც ვწერდი, ფილმში ვმონაწილეობდი, სადაც პიანისტის როლს ვასრულებდი; ვუკრავ ეკლესიებში ორღანზე, ვმღერი ჯაზს და მაქვს ბიზნესსკოლა, სადაც სემინარებს ვატარებ.
ვსაუბრობ ჩემსა და მუსიკის კავშირზე. ბევრ რამეს ვაკეთებ, ესაა ჩემი ბედისწერა და თან მაინტერესებს, რამდენად ძლიერად მიყვარს ფორტეპიანო, რამდენად თავისუფალი იყო ჩემი არჩევანი. მუდმივად ვარ საკუთარი თავის ძიებაში…”
OK! Magazine (კატიშა დაშნიანი), 01.10.2019